რატომღაც, როცა ვახსენებთ დუბაის, ის ჩვენს წარმოდგენებში მხოლოდ მოლებთან და შოპინგთან, მზესთან და ზღვასთან ასოცირდება, არადა, რამდენ ჯადოსნობას იტევს ეს ქალაქი…
აქაც, სწორედ ამიტომ შემოგაჭყიტე, რომ დუბაის სხვა მხარე დაგანახო და გირჩიო, იქ ჩასული, სად წახვიდე და რა აღმოჩენები გააკეთო – თანაც, ბიუჯეტურად.
(ისე, ახლა დუბაიში გასამგზავრებლად საუკეთესო დროა, ზამთრის სუსხს ცოტა ხნით თავს დააღწევდი, D ვიტამინით დაიტენებოდი და უამრავი მოგონებით დაბრუნდებოდი სამშობლოში)
1. დუბაის აკვარიუმი და წყალქვეშა ზოოპარკი
ამ მართლაც ზღაპრულ და ჯადოსნურ სამყაროში, ვფიქრობთ, აუცილებლად უნდა აღმოჩნდე. დუბაის წყალქვეშა სამყარო მაგიურად ახერხებს, რეალობას მოგწყვიტოს და წყლის არსებებთან ერთად, საკუთარი თავი ახლიდან აღმოგაჩენინოს.
2. “დუბაის ჩარჩო”
დუბაის ეს გიგანტური და უზარმაზარი ჩარჩო იმისთვის ააშენეს, რომ ნათლად დაგვანახონ კავშირი თუ სხვაობა ორ სრულიად სხვა სამყაროს – დუბაის ახალ და ძველ ქალაქს შორის. ვფიქრობთ, აუცილებელი ადგილია სანახავად.
გირჩევ, აუცილებლად შეხვიდე შიგნით, ახვიდე სულ ზემოთ და როცა ქალაქს შენც გადმოხედავ ზემოდან, ზუსტად გაუგებ ჩარჩოს იდეის შემქმნელებს.
3. TODA – THEATRE OF DIGITAL ARTS
ციფრული ხელოვნების მუზეუმები არც ჩვენს დედაქალაქში გვაკლია, თუმცა მაინც გირჩევდი, დუბაის ამ ციფრულ სასწაულში მოხვედრას.
მომაჯადოებელი ფერები და გარემო, აუცილებლად მოახდენს შენზე შთაბეჭდილებას და დარწმუნებული ვართ, სოციალურ ქსელებშიც გამომწერებს ულამაზესი ფოტოებით გაანებივრებ
4. კინოთეატრი სხვა ესთეტიკით
ამ კინოთეატრს შემთხვევით გადავაწყდით და არაფრით შეგვეძლო, არ გაგვეზიარებინა. თუ კინო გიყვარს, გულწრფელად ვფიქრობთ, ეს არის ადგილი რომელსაც შეიძლება არ ეძებდი, მაგრამ გჭირდებოდა.
უფრო მეტი დეტალისთვის, შეგიძლია საიტს – www.cinemaakil.com ეწვიო და გუგლშიც თუ Cinema Akil-ის ფოტოებს მონახავ, დარწმუნდები, რატომ ჩავთვალეთ საჭიროდ, ჩამონათვალში ეს ადგილიც ყოფილიყო.
პ.ს თუ კინოჩვენებას დაესწრები, გირჩევთ, ჩაი შეუკვეთო, მეტი ეფექტისა და კომფორტულობისთვის
5. დუბაის ისტორიული მხარე
როდესაც ასეთ დიდებულ ქალაქს სტუმრობ, აუცილებლად, მისი ისტორიული მხარეც უნდა მოინახულო, ასე ვთვლით ჩვენ და სწორედ ამიტომ, ახლა, ფოტოზე – Al Seef-ს ხედავ. ეს სივრცე ორ ნაწილად არის გაყოფილი – ერთი მხარე წარსულს ეძღვნება, მეორე კი მომავალს.
ვფიქრობთ, აქ საღამოს უნდა გაისეირნო, დააგემოვნო აქაური ყავა და გემრიელი კერძები, ერთი-ორ მაღაზიაში შეიარო და სამახსოვროდ, სუვენირი ჩამოიტანო.
6. Last Exit
დუბაიში ეს ადგილი ქუჩის საკვების ნამდვილი სამოთხეა. ფოტოზე რასაც ხედავ, მთელ ტერიტორიაზე, ასეა ეს “ჯიხურები” განლაგებული და სტუმრებს სხვადასხვა საკვების ძალიან მრავალფეროვანი არჩევანი აქვთ.
ვფიქრობთ, ამ ნაწილში დუბაის სულ სხვა მხარეს გაიცნობ და თანაც, ძალიან გაერთობი
7. ირლანდიური კუთხე დუბაიში
და ბარემ, რადგან გართობაზე ვსაუბრობთ, არ შეგვიძლია არ გირჩიოთ ირლანდიური კუთხე, სადაც უამრავი პაბია განთავსებული, უკრავს ცოცხალი მუსიკა, სასმელების და საკვების მრავალფეროვანი არჩევანია და დუბაის ისედაც ხმაურიან ცხოვრების რითმს, უფრო აცოცხლებს.
8. “დუბაის ადგილობრივი სოფელი”
ეს კი, დუბაის ნამდვილი ზღაპარია, სადაც სტუმრობა, ნამდვილად ღირს. თვალს მოგჭრის მისი მრავალფეროვნება, საუცხოო ნაგებობები და განწყობა.
Global Village – ასე შეგიძლია მოძებნო ინტერნეტში და დუბაიში ჩასულს, ამ ადგილის მონახულებაც მალევე დაგეგმო
თუ ბიუჯეტი ისე გაქვს გათვლილი, რომ საკუთარ თავს ექსტრემალური თავგადასავლების შანსს მისცემდი, მაშინ გირჩევდით:
- დუბაის უდაბნოში სპეც.ტურის აღებას (აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ სანდო საიტიდან შეიძინოთ ტური)
- საჰაერო ბუშტით ფრენას
- ზიპლაინით ქალაქის ხედზე ჩამოქრიალებას
- ან, რა თქმა უნდა, ბანჯი ჯამპინგის ენით აღუწერელ გამოცდილებას
ფასები და დეტალები შეგიძლია ამ საიტზე ნახო და ბარემ, ბილეთები წინასწარ შეიძინო – www.tripadvisor.com
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ჩვენთან fly.tkt.ge – ზე შეგიძლია ბილეთები ნებისმიერ დროს შეიძინო და თუ თიბისი კონცეპტის წევრი ხარ და ფრენის ბილეთს ჩვენი აპლიკაციით იყიდი, 50 ლარიანი შეღავათით ისარგებლებ თითო მგზავრობაზე.
მეტი რაღა გითხრათ? შენ ისღა დაგრჩენია გამგზავრება დაგეგმო და ჩვენ კი ის, რომ მშვიდობიანი ფრენა და უსაფრთხო მოგზაურობა გისურვოთ.