“ამ დროს რა გაიყვანს”, “როგორ მეზარება ფრენა”, “ეს მგზავრობა დაუსრულებლად დიდია” და კიდევ სხვა მსგავსი ფრაზა, ალბათ ყველას გვითქვამს, რაც არ უნდა ძალიან გვიყვარდეს თვითმფრინავით მგზავრობა. გზა მართლაც ყოველთვის დაუსრულებლად გვეჩვენება და ყოველთვის ვართ წიგნის, ყურსასმენების და მეგობრის იმედად, რომელიც ამ უსასრულო მგზავრობას რამენაირად გადაგვატანინებს.

ჩვენ კი ვიფიქრეთ, რომ თქვენთვის დამატებითი რჩევები მოგვეცა. შესაბამისად, გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს, თუ როგორ ვიყოთ მგზავრობის ხანგრძლივობით კმაყოფილები და რა ვაკეთოთ თვითმფრინავში, რომ ძალიან არ მოვიწყინოთ:

1. ითამაშეთ

რა საჭიროა WIFI, როდესაც ათასგვარი სამაგიდო თამაშით შეიძლება გაირთოთ თავი. ყოველთვის შეგიძლიათ თან წაიღოთ ბანქო, ანდაც ჯიბის/სამოგზაურო სათამაშოები (მაგ მცირე ზომის, მაგნიტის შაშკი და ნარდი), არ დაგავიწყდეთ ასევე კალამი და ფურცელი, ხომ არ დაგავიწყდათ, მთელი ბავშვობა რითი ვირთობდით თავს? “კრესწიკი და ნოლიკი”, ქალაქობანა, ჩამოხრჩობანა და ა.შ.

2. ცადეთ, დაწეროთ

არ არის აუცილებელი, იყოთ ჟურნალისტი, ან გქონდეთ წერის გამოცდილება. გვგონია, რომ თვითმფრინავის “ჩუმი ხმაური”, საკუთარ თავთან განმარტოება და იმის შეგრძნება, რომ ცაში ძალიან, ძალიან მაღლა ხართ, მოგცემთ ინსპირაციას, საკუთარ თავს და ფანტაზიებს გასაქანი მისცეთ და ფურცელზე გადმოიტანოთ.

  • გაიხედეთ ილუმინატორიდან, ეცადეთ ნებისმიერი რამ, რაც დაგხვდებათ, თქვენს ფანტაზიებში წარმოიდგინოთ
  • გაიხსენეთ თქვენი ოცნებები
  • წარმოიდგინეთ საუკეთესო სცენარი, სადაც თავად ყოფნას ისურვებდით

დაგვერწმუნეთ, შეიძლება ეს ჩანაწერი რამდენიმე წლის შემდეგ ნახოთ და ძალიან, ძალიან სასიამოვნოდ გაგეღიმოთ

3. შეგიძლიათ ისწავლოთ ენა

ისეთ დონეზე მაინც,”გაქცეული რომ მოაბრუნოთ”. ამისთვის საჭიროა, სანამ ინტერნეტთან გაქვთ წვდომა გადმოწეროთ Babbel ან Duolingo, აირჩიოთ ის ენა, საითკენაც მიემგზავრებით და შემდეგ, ქალაქში ჩასულს, ძალიან თამამად მიესალმოთ ხალხს, ითხოვოთ ადგილობრივებისგან დახმარება და ასე შემდეგ, გააჩნია ფრენის ხანგრძლივობას და თქვენს მონდომებას.

4. მოუსმინეთ პოდკასტებს

როგორც იცით, ახლა Spotify უკვე ჩვენთანაც ხელმისაწვდომია, რაც იმას ნიშნავს, რომ სასურველი მუსიკის გადმოწერის შემთხვევაში, ინტერნეტის გარეშე შეგიძლიათ დაუსრულებლად უსმინოთ სასურველ ალბომებს. ჩვენ კი, პოდკასტებს გირჩევდით, რაც მგზავრობას ბევრად საინტერესოს ხდის და დროც ძალიან მალე გაჰყავს.

5. გადაიღეთ ფოტოები

ამას, ალბათ, ჩვენი რჩევის გარეშეც იზამდით, თუმცა მაინც გვინდოდა გაგვეზიარებინა. რაც არ უნდა არ გეხერხებოდეთ ფოტოს გადაღება, წარმოუდგენელია ხედმა არ გაგიჩინოთ სურვილი, ღრუბლებს, არემარეს (სანამ თვითმფრინავი დაფრინდება და ქალაქი გამოჩნდება) ფოტო არ გადაუღოთ. სანამ მგზავრობა დასრულდება, მანამდე კი შეგიძლიათ ეს ფოტოები დაამუშავოთ, აარჩიოთ საუკეთესო და მერე ან სოციალურ სივრცეში განათავსოთ, ანდაც თქვენთვის, სამახსოვროდ შეინახოთ.

6. იარეთ თვითმფრინავში

განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც მგზავრობა დიდხანს გრძელდება. ეს თქვენი სხეულისთვის აუცილებელია. ხშირად, სავარძელში ჯდომისგან იღლებით, ფეხების გაშლის მოთხოვნილება გიჩნდებათ და წელში გამართვაც, ამისთვის კი თვითმფრინავში წინ და უკან სიარული იდეალური გამოსავალია. არ მოგერიდოთ, დაგვერწმუნეთ, მხოლოდ თქვენ არ იქნებით ის ადამიანი, რომელიც თვითმფრინავს პოდიუმად გამოიყენებს. თვითმფრინავში “სეირნობით” სხეულსაც გადატვირთავთ და დროსაც სულ მცირედით, მაგრამ მაინც გაიყვანთ.

შეგიძლიათ თამაშიც კი მოიგონოთ: რამდენ უცხო ენას გაიგებთ ერთ სრულ ჩავლაზე, ან თუნდაც, რამდენს ახურავს ქუდი? რა დრო გჭირდებათ საკუთარ სავარძელთან დასაბრუნებლად? ან იქნებ, მეორე ჩავლაზე საკუთარი რეკორდი ხომ არ მოგეხსნათ?

რჩევა:

  • სეირნობის გადაწყვეტილება არ მიიღოთ მაშინ, როდესაც პერსონალები საჭმლის ჩამორიგებას დაიწყებენ.

7. დაიძინეთ

დიახ, ვიცით, ყველაზე ბანალური, თუმცა დაგვეთანხმეთ, საუკეთესო რჩევაა. დრო არაფერში ისე სწრაფად არ გადის, როგორც ძილში. თანაც, რა ჯობია იმ შეგრძნებას, როცა ხმა შეგაღვიძებთ და გამცნობთ, რომ დანიშნულების ადგილას, თვითმფრინავი სულ რამდენიმე წუთში დაიწყებს დაშვებას.

ბონუსად

  • 8. დაითვალეთ ილუმინატორზე წვიმის წვეთები, ან თუნდაც თოვლის – ცხვრების დათვლაზე უკეთესია, დაგვერწმუნეთ
  • 9. დააკვირდით ღრუბლების ფორმებს..დელფინი? თუ დინოზავრი? იქნებ დათვს უფრო ჰგავს?
  • 10. აუცილებლად მიირთვით თვითმფრინავში ლანჩი, სადილი, ან თუნდაც დალიეთ ყავა, ჩაი. მშვიდად, აუღელვებლად. ამ პროცესით ძალიან ისიამოვნებთ

ჩვენ კი, ისღა დაგვრჩენია შეგახსენოთ, რომ თვითმფრინავის ბილეთების ყიდვა, ჩვენთან ამ წინადადებაზე დაკლიკებით, ძალიან მარტივად, სულ რამდენიმე წუთში შეგიძლიათ.