აი, ხომ გქონია ისეთი მომენტი, როდესაც რომელიმე ქალაქში გინდოდა წასვლა, მაგრამ რაღაცნაირად ვერ დაგეგმე, თავი ვერ მოაბი, ვერ ჩამოყალიბდი რაღაც დეტალებში და როგორც იტყვიან, მაგ ამბავს “საშველი ვერასდროს დააყენე”, ხოდა მერე ეს ქალაქი ბოლოს ოცნებად დაგრჩა…ძალიან ხშირად კი, ასეთ დროს, მოგზაურობის დაგეგმვის მოტივაციას, ჩვენი საყვარელი ბენდისა თუ მუსიკოსის კონცერტი/ტურნე გვაძლევს ხოლმე.
აი, მაგალითად, 2022 წლის ზაფხულში კრის მარტინი თავის ბიჭებთან ერთად, მსოფლიოს მოივლის და ევროპის ულამაზეს ქალაქებს გააფერადებს და თუ პარიზში წასვლისკენ პატარა ბიძგი მაინც გჭირდებოდა, ჩვენი აზრით, ეს ამბავი საუკეთესო მოტივატორი უნდა იყოს.

16; 17; 19 და 20 ივლისს პარიზის დიდი (ან უფრო ზუსტები რომ ვიყოთ – უშველებელი) სტადიონი Coldplay-ს დაეთმობა.
ამ ბლოგში, გვინდა რეკომენდაციები გაგიწიოთ, საქმე გაგიმარტივოთ და რამდენიმე რჩევა მოგცეთ. აი, მაგალითად:
ბილეთი აუცილებლად შეიძინე სანდო საიტებზე

ხელი არ წაგცდეს და საიტზე, რომლის სანდოობაში ოდნავ მაინც გეპარება ეჭვი, არაფრის დიდებით იყიდო ბილეთი! უამრავი გადამყიდველი არსებობს მსოფლიოს მასშტაბით და ძალიან ბევრი მაიმუნობს, ამიტომ, გირჩევდით, ბილეთი ამ ორიდან რომელიმე საიტზე შეიძინო
. Coldplay-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.coldplay.com
. ან ბილეთების ყველაზე სანდო გადამყიდველ გვერდზე: viagogo.com
ისე, რომ იცოდე, ამ კონცერტზე, ბენდის გადაწყვეტილებით, თითო გაყიდულ ბილეთზე, თითო ხე დაირგვება და ამ დიდ ქველმოქმედებაში, შენც პატარა წვლილს შეიტან.
სასტუმროს/ბინის დაჯავშნისას, გაითვალისწინე, რომ ყველა უბანი უსაფრთხო არ არის.

ამას კი იმიტომ გეუბნებით, რომ პარიზში არსებობს გარკვეული ადგილები, სადაც დარჩენა უბრალოდ არ ღირს. აი, მაგალითად, მე-18 და მე-19 რაიონში, სასტუმრო ან ბინა არ აიღო.
ეცადე თავი აარიდო Gare du Nord / Gare de l’Est – ტერიტორიასაც და რამდენიმე ბლოკს Porte de Montreuil-ის ირგვლივ.
არ გვინდა ძალიან დაგაბნიოთ, მაგრამ tripadvisor-ზეც იგივეს წერენ და ვიფიქრეთ, გამოგადგებოდა.
პარიზის ცენტრში სასტუმროები საკმაოდ ძვირი ღირს, ამიტომ გირჩევდით, ღამე დასარჩენი ადგილი ცოტა მოშორებით აიღოთ და სასურველ ადგილებში მეტროთი, ან თუნდაც ფეხით მიხვიდეთ.
გიზიარებთ ლინკს, სადაც ჩამოთვლილია ყველაზე ბიუჯეტური სასტუმროები – booking.com. (ჩვენ 16-17 ივლისი მოვნიშნეთ, რომ მიხვდე, ივლისის თვეში, 1 ღამეზე დაახლოებით რა ჯდება სასტუმროები)
როგორ მოიარო პარიზი ბიუჯეტურად?
ახლა ვეცდებით, ბილეთში გადახდილი დიდი თანხა და ზოგადად პარიზის სიძვირეებიც გავითვალისწინოთ და მაქსიმალურად ბიუჯეტური მოგზაურობა გირჩიოთ.

ისე, თუ არ გვიწყენ, გირჩევდით, რომ დრო, დაახლოებით ამხელა (და ივლისში სავარაუდოდ კიდევ უფრო დიდ) რიგში არ დახარჯო და პარიზს ზემოდან მაინცდამაინც ეიფელის კოშკიდან არ გადმოხედო.
ბილეთების საფასური სართულების მიხედვითაა და თუ შენი ასაკი 24 წელს ცდება, გვინდა გითხრათ, სიცხესა და რიგში საათობით დგომა, საკმაოდ ძვირ “სიამოვნებად” დაგიჯდება:

თუმცა მაინც, გირჩევდი, ბილეთი წინასწარ იყიდო და ამ უზარმაზარ რიგებსაც თავი აარიდო – www.toureiffel.paris
სრულიად უფასოდ კი ქალაქს შეგიძლია გადმოხედო პომპიდუს ცენტრის ბოლო სართულიდან, მონმარტის კიბეებიდან, ან თუნდაც ლაფაეტის გალერეის კაფედან (რომელიც ბოლო სართულზეა)
არ იყიდო მეტროს ბილეთი ცალობით

პარიზის მეტროში ერთი ჩასვლა ორ ევრომდე დაგიჯდება, ამიტომ ჯობია ე.გ “carnet” შეიძინო, რომელიც 10 დღიანია და მხოლოდ 14 ევრო დაგიჯდება.
ამ შემთხვევაში კი ბილეთის შეძენა მეტროს სადგურებში, სპეციალურ ჯიხურებში შეგიძლია
აუცილებლად მოიარე ბაღები

პარიზის ბაღებში სიარულს ბევრი ბენეფიტი აქვს, მათ შორის კი მთავარ ადგილს იკავებს ის, რომ არანაირ თანხას არ იხდი და რომ ასეთ სილამაზეს სხვაგან ვერსად შეხვდები.
გირჩევთ: ლუქსემბურგის, ლუვრისა და ტულერის ბაღის დათვალიერებას
მიაკითხე მუზეუმებს After Hour-ის დროს

After Hour ძალიან კარგი რამეა და ვფიქრობთ, გამოგადგება. ასეთ დროს, მუზეუმებში შესვლა ბევრად დაბალ ფასად შეგიძლია.
ორსეს მუზეუმში შესვლა ხუთშაბათობით, 16:15 საათის შემდეგ 5.50 ევრო დაგიჯდება
ლუვრში ოთხშაბათსა და პარასკევს, 18:00 საათის შემდეგ ბილეთის საფასური 11 ევროა
ქალაქში ასევე, უამრავი უფასო მუზეუმია, რომელთაც რეკომენდაციას გავუწევდით და ვფიქრობ, აქ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მაინც გამოგადგება:
- Petit Palais
- Maison de Balzac
- Musée Carnavalet
- Maison de Victor Hugo
- Museum of Modern Art
ისიც გახსოვდეს, რომ სტარბაქსსა და მაკდონალდსში ინტერნეტი უფასოა, ასევე, არ მოტყუვდე და რესტორანსა თუ კაფეში წყალში ფული არ გადაიხადო. თან ხომ იცი, ასეთ ადგილებში წყლის ბოთლი ბევრად ძვირი ღირს, ამიტომ, შეგიძლია ოფიციანტს ჭიქა წყალი (ან პირდაპირ, ონკანის წყალი) მოსთხოვო, რაც უფასოა და დაგვიჯერე, ბევრ ფულს დაგაზოგინებს. პარიზის ონკანის წყალი კი, უსაფრთხოაო დასალევად, ასე ამბობენ 🙂
ბლოგის ბოლოს კი, რადგან ბიუჯეტურ მოგზაურობაზე ვსაუბრობთ, ისიც არ დაგავიწყდეს, რომ ჩვენთან fly.tkt.ge – ზე ფრენის ბილეთების შეძენა შეგიძლია. და თუ მაინც გაქვს კითხვა – რატომ უნდა ისარგებლო ჩვენი შემოთავაზებით, პასუხი შეგიძლია ამ ბლოგში წაიკითხო.
აბა, სასიამოვნო ფრენას, კონცერტზე მაგარი დროის გატარებას და უსაფრთხო მოგზაურობას გისურვებთ.