28 მარტსს დინამო არენაზე ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი, საქართველო – ესპანეთი გაიმართება. ბილეთების გაყიდვა 24 მარტს 12:00 საათზე დაიწყება.

შეზღუდვებიდან გამომდინარე, ჩვენ მომხმარებელს უამრავი კითხვა გაუჩნდა, ამიტომაც გადავწყვიტეთ, ყველა საჭირო ინფორმაციისთვის ერთიანად მოგვეყარა თავი და თქვენთვის გაგვეზიარებინა.

მათთვის, ვისაც მატჩზე დასწრება გინდათ:

1. მატჩს დაესწრება მაყურებელთა 30%

ეს შეზღუდვა, რა თქმა უნდა, არსებული სიტუაციების რეგულაციებიდან გამომდინარეობს. ადგილები გადანაწილებულია ჭადრაკული პრინციპით, რაც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ეს მსოფლიოში მიღებული, საერთაშორისო პრაქტიკაა, რაც ხელს უწყობს მასშტაბური ღონისძიებების პანდემიის პერიოდში ჩატარებას.

2. TKT-ს ბილეთი – არის თქვენი საშვი

მარტივად: TKT-ზე შეძენილი ბილეთი 29 მარტის 01:00 საათამდე ავტომატურად არის საშვი. თქვენს მიერ TKT-ზე ბილეთის ყიდვისას შეყვანილი ინფორმაცია გამოიყენება საშვის დასაგენერირებლად, ამიტომ ნუ იღელვებთ კომენდანტის საათზე, ერთადერთი რაზეც ნერვიულობთ ამ დღეს ჩვენს კარში გოლის გატანაა.

აქვე, გაითვალისწინეთ შემდეგი:

1. ბილეთის ყიდვისას, აუცილებელია შეიყვანოთ სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, მეილი და ტელეფონის ნომერი;

2. ბილეთი მოქმედებს ღამის პირველ საათამდე, რაც შესაძლებლობას გაძლევთ, მატჩის შემდეგ, სახლში დროულად დაბრუნდეთ;

3. იმისთვის, რომ ყველა საჭირო ინფორმაცია დროულად შეიყვანოთ პროგრამაში, ბილეთის შეძენისთვის საიტზე დრო – 10 წუთი გაქვთ;

4. ერთ შეკვეთაში მაქსიმუმ სამი ბილეთის შეძენა შეგეძლებათ. გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული ბილეთი სახელობითია და აუცილებელია თითოეული პირის მონაცემები იყოს შეყვანილი 100% სიზუსტით;

5. მას შემდეგ, რაც თქვენ შეიყვანთ პირად მონაცემებს და შეიძენთ ბილეთს, თქვენ სახელზე დარეგისტრირდება საშვი, რომელიც იმოქმედებს ღამის პირველ საათამდე;

6. ავტომობილის გამოყენების შემთხვევაში, ბილეთის ყიდვისას მომხმარებელმა უნდა მიუთითოს იმ ავტომობილის მონაცემები, რომლითაც თამაშის დღეს გადაადგილდება;

7. მატჩის დღეს გადაადგილების საშვზე დასტურს გულშემატკივარი მითითებულ ნომერზე მოკლეტექსტური შეტყობინების სახით მიიღებს;

8. აკრძალულია ბილეთის მფლობელის შეცვლა;

9. ყველა არსებული რეგულაცია ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც;

10. სოციალური დისტანციის დასაცავად, აუცილებელია, ყველა გულშემატკივარმა დაიკავოს ბილეთზე მითითებული ადგილი;

3. არ დაგავიწყდეთ, აუცილებლად თან იქონიეთ პირადი ნომრის დამადასტურებელი მოწმობა

მატჩზე შესასვლელად, ბილეთთან ერთად, აუცილებლად დაგჭირდებათ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, პასპორტი, მართვის ან დაბადების მოწმობა.  

არ დაგავიწყდეთ სტადიონის ტერიტორიაზე სავალდებულოა პირბადის ტარება თქვენი და დანარჩენი მაყურებლების უსაფრთხოებისთვის.

სტადიონის შესასვლელები გაიღება 17:00 საათიდან. გირჩევთ, მატჩის დაწყებამდე 3 საათით ადრე მიხვიდეთ და აუცილებლად ისარგებლოთ ბილეთზე მითითებული შესასვლელით. 

საქართველო – ესპანეთის მატჩი 28 მარტს გაიმართება. როგორც იქნა, ისევ შევძლებთ ჩვენ გუნდს სტადიონიდან ვუგულშემატკივროთ და ყველამ დაუღალავად ვიყვიროთ:

სა – ქარ – თვე – ლო !

აუცილებლად გავიმარჯვებთ!

ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე – TKT.GE/Georgia VS Spain