უძველეს დროში მუზეუმებს საკვირველებათა ოთახებს ან საინტერესო საგანთა კაბინეტებს ეძახდნენ. მართლაც მუზეუმი იდეალური საშუალებაა გადაინაცვლო დროში, გაიგო კონკრეტული ქვეყნის ისტორია, ეზიარო ხელოვნებას და დაიკმაყოფილო შენი კონკრეტული ინტერესები. მუზეუმების კატეგორიები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან მრავალფეროვანია და ნებისმიერი ინტერესების მქონე ადამიანი იპოვის მისთვის საინტერესოს. რთულია გამოარჩიო რამდენიმე კონკრეტული, რომელიც აუცილებლად სანახავია, თუმცა ჩვენ მაინც ავარჩიეთ 12 მუზეუმი, რომელიც უნდა ნახო სანამ ცოცხალი ხარ. 

ბრანის ციხესიმაგრე, ტრანსილვანია

მართალია  გრაფ დრაკულას ამ სასახლეში ძალიან ცოტა დრო აქვს გატარებული და რეალურად მის კუთვნილებაში არასოდეს ყოფილა,  თუმცა აბრაამ ბრემ სტოკერის რომანის შემდეგ, სასახლე მასთან ასოცირებული გახდა. ბრანის ციხე-სიმაგრე ვიზიტორებისთვის ძალიან საინტერესო,შთამბეჭდავი და ამასთანვე საზარელია. ასე რომ თუ მისტიკა და ძველი არქიტექტურა გიზიდავთ, მოიმარჯვეთ ნივრის აცმა და გაჰყევით დრაკულას ნაკვალევს ტრანსილვანიაში.

გიბლის მუზეუმი, ტოკიო

მართალია ტოკიოს მუზეუმებს შორის, რთულია ერთი კონკრეტული გამოარჩიო, თუმცა ჩვენ არჩევანი მაინც გიბლის მუზეუმზე შევაჩერეთ, რომელიც თავისი კონცეპტით ყველასგან გამორჩეულია. ერთი შეხედვით თითქოს ტყეზე შეზრდილი მწვანე შენობა დიდ სიურეალისტურ გამოცდილებას გვპირდება. ფერადი მინები, ფრესკები, კიბეები და აივნების ლაბირინთები, ყველაფერი ზუსტად ისე, როგორც მიაძაკის ანიმეებშია.

ფრიდა კალოს მუზეუმი, მეხიკო

ფრიდა კალოს ნამუშევრები და მისი პერსონა მთელ მსოფლიოშია ცნობილი, თუმცა მისი უკეთ გაცნობა მეხიკოშია შესაძლებელი. სწორედ მეხიკოში მდებარეობს ფრიდას სახლი, რომელსაც ლურჯ სახლს უწოდებენ და რომელიც ფრიდა კალოს სახელობის მუზეუმად გადაკეთდა. მუზეუმში კარგად იგრძნობა ფრიდას სული, სადაც შესაძლებლობა მოგეცემათ დაათვალიეროთ მისი პირადი ნივთები და ყველაზე ცნობილი ნამუშევრები.

ლუვრი, პარიზი

ლუვრი პარიზის შუაგულში მდებარეობს და 300 000  სამუზეუმო ექსპონატს ინახავს. სწორედ ლუვრში შეგიძლიათ ნახოთ ლეონარდო და ვინჩის “მონა ლიზა”, ვენერა მილოსელის ქანდაკება, რუბენსისა და რემბრანტის ცნობილი ნამუშევრები. ლუვრმა ვიზიტორების რაოდენობით ყველა რეკორდი მოხსნა, ამიტომ მოგზაურები, რომლებიც განსაკუთრებულად ეთაყვანებით ხელოვნებას, ლუვრს უნდა ეწვიოთ.

პრადოს მუზეუმი, მადრიდი

პრადოს მუზეუმი მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესია იმ მემკვიდრეობით, რომელიც მას საუკუნეების მანძილზე გადაეცემოდა. აქ ნახავთ მსოფლიოს უდიდეს ხელოვნების ნიმუშებს და ამის ფონზე შესაძლებელია თავადაც გეწვიოთ ინსპირაცია, თქვენი იდეის დასახვეწად. თუ ხელოვნება გიყვართ, აქ დრო მეტისმეტად სწრაფად მიფრინავს და რამდენიმე საათი წუთები გეგონებათ.

ვატიკანის მუზეუმები, რომი

ვატიკანი მართალია მასშტაბით ძალიან პატარა სახელმწიფოა, თუმცა აქ არაერთი მნიშვნელოვანი მუზეუმია, რომელის მონახულებასაც თუ მოინდომებთ, 24 საათშიც მოასწრებთ. აუცილებლად სანახავთა სიაში შედის სიქსტის კაპელა, ე.წ. ქანდაკებების ეზო და  წმინდა პეტრეს ბაზილიკა.

ბრიტანეთის ეროვნული მუზეუმი, ლონდონი

ლონდონი უამრავ საინტერესო მუზეუმს იტევს, თუმცა ბრიტანეთის ეროვნული მუზეუმი განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან არაერთი ქვეყნის უძველეს კულტურულ მემკვიდრეობას ინახავს. თუ გინდათ ძველ რომში, საბერძნეთში და ეგვიპტეში იმოგზაუროთ, ბრიტანეთის ეროვნული მუზეუმი თქვენს განკარგულებაშია.

საჰაერო და კოსმოსური მუზეუმი, ვაშინგტონი

ყველაზე პოპულარული სამეცნიერო მუზეუმი ვაშინგტონში. აქ შესაძლებელია დაათვალიეროთ თვითმფრინავების და სხვა საფრენი საშუალებების ნიმუშები. გაიგებთ ფაქტებს ფრენის ისტორიიდან და თუ ძალიან ენთუზიასტი ბრძანდებით, შესაძლოა ნასას ასტრონავტიკის პროგრამაშიც სცადოთ ბედი.

ნატურალური ექსპონატების მუზეუმი, ბერლინი

ეს მუზეუმი კველევითი დაწესებულებაა და მისი არსებობის მთავარი მიზანია დედამიწაზე სიცოცხლის შესწავლა. კოლექცია მუდმივად მზარდია და უკვე 30 მლნ-ზე მეტ ექსპონატს ითვლის, აქ წააწყდებით ხვლიკებს, გველებს, ძუძუმწოვრებს, სხვადასხვა ტიპის მცენარეებს, ფრინველებს, მეტეორიტებს და მწერებს. ერთი სიტყვით თუ ზოოლოგია, გეოლოგია და ან პალეონტოლოგია გაინტერესებთ, აქ ყველაფერია თქვენი ინტერესების დასაკმაყოფილებლად.

აია სოფია, სტამბული

აია სოფია მართლმადიდებლური ტაძარი და  ბიზანტიის სიმბოლო იყო. ხშირად მოიხსენიებენ მსოფლიოს მერვე საოცრებად.ულამაზესი არქიტექტურა გარედანვე იქცევს ყურადღებას, შიგნით კი არაჩვეულებრივი მოზაიკური ნამუშევრები აღგაფრთოვანებთ,  შიგნით შესვლის შემდგომ ასევე გაიგებთ როგორ იქცა ერთ დროს მართლმადიდებლური ტაძარი მეჩეთად, შემდეგ კი მუზეუმად.

ალჰამბრა, გრანადა


ეს არის უნიკალური სასახლე, რომელიც ანდალუსიაში, ქალაქ გრანადაში აშენდა მუსლიმანი მავრების მიერ. ამბობენ რომ ალჰამბრა მეტია, ვიდრე უბრალოდ სასახლე. ულამაზესი თაღები, საოცარი ხედები, მავრიტანული არქიტექტურა და ორნამენტული ბაღები – ეს არის არასრული ჩამონათვალი რაც სასახლეში სტუმრობის დაგხვდებათ. მოემზადეთ მუსლიმ მავრებთან შესახვედრად და მოინახულეთ ალჰამბრა – ქალაქი ქალაქში.

არ დაგავიწყდეთ, რომ fly.tkt.ge -ზე მოგზაურობის დაგეგმვა ნებისმიერი მიმართულებით შეგიძლიათ, რეკომენდაციებით კი პერიოდულად მოგამარაგებთ.