მოგზაურობა უამრავ დადებით ემოციასთან ასოცირდება – თავგადასავლებთან, სიახლეებთან და ბედნიერ მოგონებებთან. თუმცა, ყველაფერს აქვს უარყოფითი მხარეები, მათ შორის მოგზაურობასაც და ამ შემთხვევაში, არ შეგვიძლია, არ გავიხსენოთ ის ყველაზე არასასურველი ფრაზები, რომელთა გამო, ყველაფერს გააკეთებს მოგზაური, ოღონდ ეს სიტყვები არ მოესმას.

მაშ ასე, ასეთი ფრაზების გამხსნელად, ეს წინადადება გამოგვიცხადებია:

1. “თქვენი ბარგი ზომებში არ ჯდება

ეს ფრაზა ნამდვილად გავს ჯერ არდაწყებული მოგზაურობის დასასრულს, თუმცა, გამოსავალი ყოველთვის არსებობს. არ აღელდეთ, ამოალაგეთ ბარგი, რასაც შეძლებთ ჩაიცვით, დანარჩენი მეგობრის ჩანთებში გადაანაწილეთ, ზოგი კი თქვენივე ჩემოდანში შეკეცეთ და სწორად გადაანაწილეთ და როდესაც საზომში უკან დააბრუნებთ, კარგად დააწექით, დაიხმარეთ უცხოები, ნაცნობები, რომ რამენაირად იმ მოცემულობაში ჩაატიოთ.

2. “თქვენი რეისი გადაიდო”

გვინდა თუ არ გვინდა, ასეთი შემთხვევა საკმაოდ ხშირია. მთავარია არ ინერვიულოთ, მშვიდად გაარკვიოთ ფრენის დეტალები, ან ის, თუ რას გთავაზობთ ავია კომპანია ასეთ დროს. ისე, აეროპორტში დროის გაყვანა საკმაოდ მარტივია. შეგიძლიათ მაღაზიები მოიაროთ, წიგნი წაიკითხოთ, მუსიკებს მოუსმინოთ, ანდაც წამოწვეთ და ცოტა მიიძინოთ

3. “გთხოვთ, წარმოადგინოთ ბილეთი”

ჩვენთან, მეტროს ან ავტობუსის ბილეთის შეძენა საკმაოდ მარტივი პროცედურაა, რასაც მაგალითად ევროპის სხვა ქალაქებზე ნამდვილად ვერ ვიტყვით. ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ ბილეთი ვერ შეგვიძენია, არავინ დაგვხმარებია და ჩვენც ვერ მიგვიგნია რა უნდა გვექნა, შესაბამისად, უბილეთოდ გვიმგზავრია და ჯარიმაც “დაგვიმსახურებია”.

4. “თქვენი ოთახი ჯერ მზად არ არის”

არადა, თქვენს გონებაში, მთელი გზა ეს კადრი ტრიალებდა და უცებ, ამ საშინელ ფრაზას ისმენთ.. არაუშავს, მთავარია არ გაბრაზდეთ, ბარგი მისაღებში დატოვეთ და მანამ, სანამ ოთახი დალაგდება, შეგიძლიათ სასტუმრო დაათვალიეროთ, ასე დროს უფრო სწრაფად გაიყვანთ.

5. “მოითმინეთ, თქვენს ჯავშანს ვერ ვპოულობ”

სანამ პროგრამაში თქვენ სახელსა და გვარს ასეთი გამალებით ეძებენ (ასეთ დროს ისინიც ნერვიულობენ), მთავარია პანიკას არ აყვეთ და ტელეფონი მოიმარაგოთ, რომ ყველა ჯავშანი და მეილზე მიმოწერა წარუდგინოთ. ყოველთვის გაითვალისწინეთ, რომელი საიტიდანაც არ უნდა დაჯავშნოთ სასტუმრო თუ ჰოსტელი, დადასტურების წერილი და ჩეკი, ტელეფონში შეინახეთ. ასეთ დროს, გაუგებრობას მარტივად აიცილებთ თავიდან

6. “დათქმულ დროს გადააცილეთ, თანხის დამატება მოგიწევთ”

დიახ, ასეთი ფრაზაც მოუსმენიათ მოგზაურებს. როდესაც ბინას ჯავშნით (რა თქმა უნდა ქვეყანას გააჩნია), ყურადღება მიაქციეთ წესებსა და პირობებს და ბინის მფლობელს უმჯობესია, მაქსიმალურ დროზე შეუთანხმდეთ, აეროპორტის რიგებსა და მითითებული ქუჩის მიგნებაში დახარჯული საათების გათვალისწინებით.

7. “არასწორ რიგში დგახართ”

რატომ! რატოოომ! რატომ არავინ გვეუბნება ამას თავიდანვე და ამ ინფორმაციას მხოლოდ მაშინ რატომ ვიგებთ, როდესაც ვფიქრობთ, რომ დაწესებულებაში ეს-ესაა შევაღწიეთ..ამ დროს უკან მოიხედავ და “სწორი” რიგი დაუსრულებლად დიდია

8. “დღეს დაკეტილები ვართ”

ეს ფრაზა/ან წარწერა, ცხვირწინ მოჯახუნებულ კარს გავს. მსგავსი რამ რომ არ დაგვემართოს, უმჯობესია, წინასწარ გუგლში კარგად ვნახოთ ამა თუ იმ დაწესებულების სამუშაო განრიგი და ზუსტად ვიცოდეთ, როდის რას უნდა ვესტუმროთ

9. “ყველა ბილეთი გაყიდულია”

ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ფრაზაა, ნამდვილად. ამისთვის თავიდან ასაცილებლად, გირჩევდით, რაც კი რამე ბილეთი გაქვთ შესაძენი, ყველა გამგზავრებამდე, ონლაინ შეიძინოთ.

10. “გთხოვთ, მალე გამოცხადდეთ სალაროსთან, ვიკეტებით”

რას არ გაიღებდნენ შოპინგის მოყვარულები, ეს ფრაზა რომ არ გაეგოთ! საკმაოდ რთულია, უცხო ქვეყანაში ღირშესანიშნაობებიც ათვალიერო და პარალელურად, გემრიელად მოიარო სავაჭრო ცენტრები. ასეთ დროს, ჯობია შოპინგისთვის ცალკე დღე გამოყოთ, ასეთ შემთხვევაში დროსაც მოიგებთ და კმაყოფილიც დარჩებით

11. “უი, ამ ღილაკისთვის არ დამიჭერია”

ჩვენი აზრით, ამ სიტყვების საუკეთესო ვიზუალიზაცია ეს მოძრავი ფოტოა. ალბათ, მოგზაურობისას ეს ყველაზე საშინელი ფრაზაა, რომელიც მეგობრისგან შეიძლება მოისმინო

12. “არასწორ ქუჩაზე ხართ, სხვა გზით უნდა წასულიყავით”

სიარულისგან გადაღლილი და დაქანცული ტურისტისთვის, ეს სიტყვა ტყვიასავითაა, თუმცა, ასეთ დროს ჯობია პოზიტიური განწყობა შეინარჩუნოთ და ქუჩებში სიარულით ტკბობა განაგრძოთ, შენობებს დააკვირდეთ, არქიტექტურას, ვინ იცის რა აღმოჩენა შეიძლება გააკეთოთ ასეთ დროს..

13. “დიახ, შუა ადგილი შეგხვდათ”

ჩვენი აზრით, თვითმფრინავში ორ უცხო ადამიანს შორის ჯდომა ზუსტად ისეთივე მოსაწყენი და არაკომფორტულია, როგორიც ეს ფოტოა. ამ შემთხვევაში რჩევას ვერ მოგცემთ, მხოლოდ იმედს ვიტოვებთ, რომ მგზავრობის დრო მალე გავა

როგორც თქვენ სტატიის კითხვისას, ჩვენც მისი წერისას, გვენატრებოდა მოგზაურობა და ვფიქრობდით, რომ ფრენები როცა აღდგება, არცერთ აღნიშნულ ფრაზაზე არ დავიწუწუნებთ!