როგორ გავატაროთ 48 საათი ბარსელონაში

მოგზაურობისთვის 2 დღე ხშირად არ კმარა, მითუმეტეს როცა საქმე ისეთ ქალაქს ეხება, როგორიც ბარსელონაა. თუმცა ხანდახან დროში ვიზღუდებით და გვინდა ის ძირითადი მოვასწროთ, რაც აუცილებელია კონკრეტული ქალაქის ხიბლის შესაგრძნობად. ჩვენ გთავაზობთ გაწერილ 48 საათიან გეგმას, რომელიც დაგეხმარებათ არ გამოგრჩეთ ძირითადი სანახაობები ბარსელონაში და აქტივობებიც შესაბამისად დაგეგმოთ. 
მაშ ასე ,

დღე 1.

9:00 AM

კარგი საუზმე კარგი დღის გარანტია, უმჯობესია ისე ისაუზმოთ თითქოს ქალაქის მკვიდრი ხართ და შეიარეთ სახლთან ახლოს მდებარე კაფეში, სადაც შეუკვეთავთ კორტადოს – ესპრესოს რძით და ე.წ. “ბიკინის” – სენდვიჩს ლორით და ყველით. საუზმის შემდეგ დატენილი იქნებით ნამდვილი კატალონიური ენერგიებით და გადახვალთ თავგადასავალის შემდეგ ეტაპზე. 

10:00 AM

საუზმის შემდეგ უნდა გადახვიდეთ იმ ეტაპზე, რომელსაც ქალაქის უკეთ გაცნობა ჰქვია. ამისთვის ველოსიპედი იდეალური ვარიანტია. ველოსიპედის მეშვეობით კარგად დაათვალიერებთ თითოეულ კუთხე-კუნჭულს ქალაქში და ფოტომასალასაც დააგროვებთ.  ველოსიპედის ქირაობა საკმაოდ მარტივი პროცესია, საფასური იწყება დღეში 1.5 ევროდან, საათების მიხედვით.

2:00 PM 

ადგილობრივებისთვის ლანჩი 2:00 სთზე იწყება და  უმჯობესია ჩაჯდეთ მათ რიტმში. ტრადიციული კატალონიური ლანჩი შედგება 3 კერძისგან, რომელსაც აუცილებლად აყოლებთ ჭიქა ღვინოს და ცოტა პურს. აუცილებლად დააგემოვნეთ პაელია ზღვის პროდუქტებიც, ტაპასი და გასპაჩო.

3:00 PM

ბარსელონაში აუცილებლად სანახავთა სიაში შედის საგრადა ფამილია, კათოლიკური ბაზილიკა, რომლის პროექტზეც ანტონიო გაუდი 40 წელი მუშაობდა. ტაძარი ბარსელონას სიმბოლო და მსოფლიო არქიტექტურის საგანძურია, შესაბამისად უამრავი ვიზიტორი ჰყავს. დამღლელ რიგებს კი ბილეთების დაჯავშნით დააღწევთ თავს.  

4:30 PM

გუელის პარკი, რომელიც საგრადა ფამილიას მსგავსად, ანტონიო გაუდის ნამუშევარია, წარმოადგენს ბაღებისა და ცოცხალი ზონების კომპლექსს. პარკის დიზაინში კარგად იგრძნობა კატალონიური მოტივები და მისტიციზმი. საგრადა ფამილიას შემდეგ გუელის პარკში გასეირნება იდეალური ვარიანტია. 3 საათში ორივე ღირსშესანიშნაობის დათვალიერებას მოასწრებთ და შესანიშნავ ფოტოებსაც დააგროვებთ.

6:30 PM

გრძელი დღის შემდეგ ყველაზე კარგი იდეაა სიესტით ისარგებლოთ და ვახშმამდე ცოტათი განიტვირთოთ. სადმე მომყუდროვდით, მოდუნდით, დახუჭეთ თვალები და ბევრი იოცნებეთ.

10:30 PM

ღამის ცხოვრება ბარსელონაში ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესოა, თუმცა საწყის ეტაპზე გირჩევთ ფლამენკოს შოუს დაესწროთ. ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ ონლაინ, სადაც სხვადასხვა ტიპის პაკეტებია განთავსებული, პაკეტების უმეტეს ნაწილში შედის ჭიქა ღვინო და ტაპასი.

დღე 2.

9:00 AM

ბარსელონაში საოცარი სანაპიროებია, კამკამა ზღვა და მოვარდისფრო ოქროსფერი ქვიშა.  შესაბამისად დილის მზის აბაზანების მიღება აქ განსაკუთრებით სასიამოვნოა. დილას პლაჟისკენ გაეშურეთ , გზად საუზმეზე გავლაც არ დაგავიწყდეთ. შეიძინეთ ჩუროსი და ცხელი შოკოლადი და დატკბით ზღვის ხედით.

10:00 AM

მონსერატის ბენედიქტელთა მონასტერი, კატალონიაში ყველაზე წმინდა ადგილად ითვლება. აქ ასევე განთავსებულია მუზეუმი, სასტუმრო და ორი რესტორანი. გეზი მეტროსადგურ “პლაზა ესპანიადან” უნდა აიღოთ, მონსერატის მონასტრამდე მისასვლელად ორი საშუალება არსებობს – საბაგირო ან ე.წ. “კლდის მონასტერი”, სანახაობა ისეთია, რომ უკან უდიდესი შთაბეჭდილებებით დაბრუნდებით.

5:00 PM

ბარსელონაში დაბრუნების შემდეგ დარჩენილი დრო ესპანური ბარების და რესტორნების აღმოჩენას დაუთმეთ. La Bouqeria – ფუდ მარკეტში, რომელიც ბარსელონას გულია და უდიდესი პოპულარობით სარგებლობს როგორც ადგილობრივებში, ისე ტურისტებში. განსაკუთრებულად საინტერესო ადგილია გურმანებისთვის.

ამასობაში თქვენი 48 საათიც ნელ-ნელა ამოიწურა და ბარსელონასთან გამოსამშვიდობებლად უნდა მოემზადოთ. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მოცემული რეკომენდაციები გამოგადგებათ დროის სწორად განაწილებაში და მოგზაურობიდან კმაყოფილი დაბრუნდებით. თუმცა ვვარაუდობთ რომ აუცილებლად დაუბრუნდებით ამ ქალაქს, მეტი დროით და მეტის აღმოსაჩენად. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *