“20 წლის შემდეგ, თქვენ უფრო იმედგაცრუებული იქნებით იმით, რაც არ გააკეთეთ, ვიდრე იმით, რაც გააკეთეთ. ამიტომ, მუდამ იკვლიეთ, იოცნებეთ, აღმოაჩინეთ”
ეს ფრაზა მარკ ტვენს ეკუთვნის და იდეალურად გამოხატავს იმას, რომ ძალიან ხშირად ცხოვრებაში, ჩვენი კომფორტის ზონას უნდა გავცდეთ და მუდმივად ვცადოთ რაღაც ახალი.
ეს ბლოგიც იმაზეა, რომ ხანდახან მეგობრებთან ერთად მოგზაურობის დაგეგმვას, ჯობია დაუფიქრებლად (ან თუ გნებავთ დაფიქრდით და ისე) ავდგეთ, ბარგი ჩავალაგოთ, ფრენის ბილეთი შევიძინოთ და ყველანაირი კონკრეტული გეგმის გარეშე გავფრინდეთ სრულიად უცხო ქვეყანაში, უცხო ადამიანების გარემოცვაში.
და სანამ მიზეზებს ჩამოვთვლით, რატომ ჯობია ერთხელ მაინც ცხოვრებაში მარტომ იმოგზაურო, მანამდე შეგახსენებთ, რომ ფრენის ბილეთის შეძენა ჩვენთან შეგიძლია ნეეებისმიერი მიმართულებით – fly.tkt.ge
1. დამოუკიდებლობისა და საკუთარი თავის რწმენის ახალი გამოცდილება
ის ადამიანები, რომლებიც მარტო მოგზაურობენ, ხშირად ამბობენ, რომ საკუთარი თავში მეტი სიმტკიცითა და თავდაჯერებულობით დაბრუნდნენ. რომ დავუკვირდეთ, არის ამ ამბავში სიმართლე – წარმოიდგინე, ხარ სრულიად მარტო უცხო ქვეყანაში, სადაც არავის იცნობ, ყველაფრის გაკეთება და გაუთვალისწინებელი მოვლენების მოგვარება მხოლოდ შენ გიწევს. ხარ მხოლოდ საკუთარ თავზე დამოკიდებული და მხოლოდ შენი თავის იმედი გაქვს – მოგზაურობა სულ რომ 3 დღიანი იყოს, სრულებით საკმარისია იმისთვის, რომ საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ თავზე ახალი წარმოდგენებით დაბრუნდე.
2. მოგზაურობის დაგეგმვისა და განხორციელებისას, არავისზე ხარ დამოკიდებული
ძალიან ხშირად ხდება, რომ იმ ჯგუფთან ერთად, ვისთანაც მოგზაურობის დღეები უნდა გაატარო, ინტერესები ერთმანეთს ვერ ემთხვევა და ეს სრულებით ბუნებრივია, რაც არ უნდა ახლო მეგობრები იყოთ, გარკვეულ საკითხებში სხვადასხვა წარმოდგენა თუ სურვილები გაქვთ, ამიტომაც ხან დათმობებზე წასვლა გვიწევს, ხან კი დიდი დისკომფორტი გვექმნება, რომ რაღაც ისე ვერ გავაკეთეთ, როგორც ჩვენ გვინდოდა, მუზეუმში დიდი დრო ვერ გავატარეთ, კონკრეტული ადგილი ვერ მოვინახულეთ და ა.შ მარტო მოგზაურობისას კი შენითვე ადგენ დღის გეგმას და შენითვე ანხორციელებ, იმიტომ, რომ ეს მოგზაურობა მხოლოდ შენია!
3. ახალი ადამიანების აღმოჩენა
არა, იმას არ ვამბობთ, რომ ჯგუფთან ერთად მოგზაურობისას ახალი ადამიანების აღმოჩენას გამოვრიცხავთ, უბრალოდ მარტო როცა ხარ, მეტად ღია ხარ ახალი მოვლენების მიმართ, კონცენტრაცია ერთ კონკრეტულ დღესა და გეგმაზე არ გაქვს, უფრო მარტივი და ხანდახან საჭიროცაა შენთვის, თუნდაც ბარში მისულს, გამოელაპარაკო სრულიად უცხო ადამიანს, რაც სიახლეა. გარდა იმისა, რომ სრულიად უცხო ადამიანთან კომუნიკაციისას საკუთარ თავში აღმოჩენებს აკეთებ, შეიძლება ის პიროვნება შენს მეგობრად იქცეს, ან თუნდაც ცხოვრების მეგზურად. რატომაც არა? ცოტაა ასეთი შემთხვევა?!
4. სიმშვიდე
ყველანაირად გეძლევა შესაძლებლობა, უბრალოდ მოწყდე არსებულ ხმაურს, გათიშო ყველა შემომავალი ბგერა ტვინში და აი ის წამიერი სიმშვიდე კი ცოტა ხანს გასტანს, მაგრამ დაგვიჯერეთ, ისე გაიდგამს ქვეცნობიერში ფესვებს, რომ საჭირო დროს აუცილებლად დაგაბრუნებს აი იმ ადგილას, სადაც მხოლოდ შენი სიმშვიდე სრულ მარტოობაში იპოვე.
5. ახალი იდეებითა და ენერგიებით უკან დაბრუნება
წარმოიდგინე, ამ დღეების განმავლობაში გაიცანი შენი თავის ყველაზე კარგი და ყველაზე ცუდი ვერსია, თავს გადაგხდა უამრავი თავგადასავალი, საკუთარი თავი გამოცადე ბევრნაირ სიტუაციაში, ბევრი ისწავლე და ბევრიც მიიღე, ამიტომ უკან დაბრუნებისას, გაცემის დროა – ახალი იდეების, ახალი ენერგიის დრო. დაგვერწმუნე, მარტო მოგზაურობიდან დაბრუნება, სულ სხვანაირი დაბრუნებაა, კიდევ უფრო დიდი ხარ და კიდევ უფრო მზად, ახალი გამოწვევებისთვის.
ჩვენი აზრით, ამ მიზეზების მერე, მინიმუმ, დაფიქრება მაინც ღირს მარტო მოგზაურობაზე. კომფორტის ზონიდან გამოსვლას და პატარ-პატარა შიშებისთვის პირისპირ დადგომას ცუდი შედეგი არასდროს მოაქვს.
ჩვენ კიდევ მრავალი მიზეზის ჩამოთვლა შეგვიძლია და ასევე იმის შეხსენებაც, რომ თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებ, ფრენის ბილეთი შეგიძლია ჩვენთან, ამ წინადადებაზე დაკლიკებით შეათვალიერო.
აბა შენ იცი, აღმოჩენებით სავსე მოგზაურობას გისურვებთ