ხანგრძლივი ფრენა ხშირად ჩვენს პატარებზე დამთრგუნველად მოქმედებს. ისინი იწყენენ, ჭირვეულობენ და ხშირად ეშინიათ კიდეც. არსებობს მარტივი ხრიკები, რითაც შეძლებთ მათ ეს დისკომფორტი მოუხსნათ და ფრენის პროცესი უფრო სასიამოვნო გახადოთ.
პირველი, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ :
აჩუქეთ ფავორიტი სათამაშო
შეიძინეთ ისეთი სათამაშო, რომელზეც თქვენი პატარა დიდი ხანია ოცნებობს და თვითმფრინავში ასვლამდე, შეინახეთ სიურპრიზად. ახალი სათამაშოთი გამოწვეული აღფრთოვანება თქვენს შვილს მარტივად გადაატანინებს ფრენით გამოწვეულ სტრესს. თუ საუბარია ხანგრძლივ ფრენაზე, უმჯობესია სათამაშო ორი იყოს.
ჩაულაგეთ სახატავები
ხატვა თითქმის ყველა ბავშვს უყვარს. თუ თქვენი პირმშოც მათ რიცხვში შედის, ჩაულაგეთ სახატავი რვეული, ფერადი ფანქრები და გასაფერადებლები. შეგიძლიათ მიაწოდოთ იდეა და შესთავაზოთ ილუმინატორიდან დანახული ხედის ან თვითმფრინავის დახატვა. ზემოთ ჩამოთვლილს თუ მაკრატელს და გამოსაჭრელ ქაღალდებსაც დაუმატებთ, შესაძლოა თვითმფრინავში მყოფი თანატოლებიც აიყოლიოს და ერთად საოცრებები ჩაიდინონ.
გადმოუწერეთ საყვარელი სიმღერები
მუსიკის მოსმენა, ისევე როგორც ხატვა, ბავშვებისთვის საყვარელი საქმიანობაა. გადმოუწერეთ საყვარელი სიმღერები და ყურსასმენებიც არ დაგავიწყდეთ.
მოამარაგეთ ასაწყობი სათამაშოებით
პაზლები და ასაწყობი სათამაშოები ბავშვებისთვის საყვარელი გასართობია. თუმცა გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ეცადეთ ყველაფერი მაგნიტური იყოს, რომ მარტივად არ დაიშალოს ან არ დაკარგოთ.
შესთავაზეთ სამაგიდო თამაშები
ისევე როგორც ფაზლები, სამაგიდო თამაშებიც ძალიან კარგად იპყრობს ბავშვების ყურადღებას და საგრძნობლად აუმჯობესებს კომუნიკაციის უნარსაც.
აჩუქეთ ფოტოაპარატი
საინტერესო იქნება თქვენი შვილის თვალით დანახული სამყარო ზემოდან. შესაძლოა პორტრეტების გადაღებაც მოეწონოს, უბრალოდ ასწავლეთ ერთი მთავარი წესი : არ გადაუღოს ადამიანებს უნებართვოდ.
ჩაულაგეთ საყვარელი სასუსნავები
სუსნაობა ნებისმიერ ბავშვს აღაფრთოვანებს. რა თქმა უნდა ბავშვების საყვარელი სასუსნავებიდან უმეტესობა ძალიან არაჯანსაღია, თუმცა ფრენის დროს გამონაკლისის დაშვება შეიძლება. შეგიძლიათ კონტეინერით წამოუღოთ ის კონკრეტული კერძი, რომელიც ძალიან უყვარს.
მოამარაგეთ წიგნებით
აურჩიეთ რაიმე მსუბუქი, სათავგადასავლო კლასგარეშე ლიტერატურა. ან მიეცით საშუალება თვითონ აირჩიოს, მიეცით რჩევები თქვენს საყვარელ წიგნებთან დაკავშირებით და გაუზიარეთ შთაბეჭდილებები.
ესაუბრეთ ბევრი
თამაში და სხვადასხვა აქტივობა რა თქმა უნდა ძალიან სახალისო და საინტერესოა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია კომუნიკაცია. თქვენ სამოგზაუროდ მიდიხართ და ცხადია თქვენს პატარას უამრავი კითხვა და მოლოდინი ექნება. მოუყევით თუ რას გააკეთებთ ჩასვლისთანავე, როგორ გაატარებთ დღეებს, სად წახვალთ და რას დაათვალიერებთ. დადებითი მოლოდინები კარგ განწყობას ქმნის, რაც აუცილებლად გადაფარავს ფრენით გამოწვეულ სტრესს.
რა თქმა უნდა ბავშვებს ხშირად ურჩევნიათ მთელი ყურადღება პლანშეტს ან სმარტფონს დაუთმონ, ჩვენ კი გთავაზობთ ისეთ მეთოდებს, რაც საგრძნობლად შეამცირებს თქვენი შვილის და სმარტფონის ურთიერთობას. თუ უახლოეს მომავალში მოგზაურობას გეგმავთ, ბილეთები fly.tkt.ge-ზე მოიძიეთ, სასურველი მიმართულებით, მარტივად და სწრაფად.